სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 2017 წლის 3 ივლისს დაარსდა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის მთავარი ფუნქციაა საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში და მიკრობანკში არსებული რეზიდენტი და არარეზიდენტი პირების (ფიზიკური პირები, იურიდიული პირები და ორგანიზაციული წარმონაქმნები) დეპოზიტების დაზღვევა. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნებისმიერი კომერციული ბანკის და მიკრობანკის მიმართ ლიკვიდაციის, პროცესის დაწყების შემთხვევაში, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 20 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს დეპოზიტორების კუთვნილი თანხების ანაზღაურებას დადგენილი ზღვრის ფარგლებში.

სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი. 2022 წლის სექტემბერში, სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე, ღია კონკურსის გზით, შეირჩა და დაინიშნა ლევან თოდუა. სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურა ჩამოყალიბდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. სააგენტოში, ხელმძღვანელის ჩათვლით, 6 თანამშრომელია - ფინანსური ექსპერტი/ანალიტიკოსი (2), იურისტი, ანაზღაურების ექსპერტი და ადმინისტრაციის სპეციალისტი.

სააგენტოს ზედამხედველობას უწევს სამეთვალყურეო საბჭო საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და კომერციული ბანკების მიერ შერჩეული 2 დამოუკიდებელი წევრის შემადგენლობით.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ადმინისტრირებას უწევს ქვეყანაში დეპოზიტების დაზღვევის სისტემას და უზრუნველყოფს მის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას. საქართველოში სისტემა მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით და ეფექტიანი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით დაინერგა, რომელიც დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის და საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მიერაა შემუშავებული.